ყველამ კარგად ვიცით, რომ მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიზანია მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება მასწავლებლის სისტემური პროფესიული განვითარების გზით. მასწავლებლის შეფასების ახალი სისტემის დანერგვის მიზანია იმის გაგება, თუ რამდენად ეფექტურად იყენებს პედაგოგი ცოდნასა და უნარ-ჩვევებს პრაქტიკაში და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოსწავლის შედეგები გაუმჯობესდეს.
კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული სტანდარტული გაკვეთილი ჩაატარა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მეტერთმეტე კლასში ინგლისური ენის უფროსმა პედაგოგმა ქეთევან ტაველურაშვილმა. გაკვეთილის თემა იყო: "მკაცრი მშობლები". თემა ნამდვილად აქტუალური და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული იყო. ყველამ ვიცით, რას განიცდიან მოზარდები ამ ასაკში, როგორ მწვავედ აღიქვამენ ყველანაირ აკრძალვას, სიმკაცრეს, როგორ ისწრაფვიან დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ და რა დიდი ყურადღება მართებთ მშობლებს შვილებთან ურთიერთობისას, რა მოსდევს ბავშვებთან არასწორ, გაუაზრებელ კომუნიკაციას თუ უყურადღებობას. პრობლემა მარადიულია და ეს პრობლემა დაფიქრებას მოითხოვს. სწორედ ამას შეეცადნენ გაკვეთილზე მოსწავლეები და მასწავლებელი ინოვაციური, მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით. მოსწავლეები 45 წუთის განმავლობაში შესაშური მონდომებით ცდილობდნენ ტექსტითა და სიტუაციური ამოცანებით შეთავაზებული პრობლემების ამოცნობა - გამოკვეთას, პრობლემის გადაჭრის გზების დასახვასა და მსჯელობის გზით სათანადო დასკვნების გაკეთებას.
ეს გაკვეთილი მოზარდებისთვის, სავსებით შესაძლებელია , ცხოვრების გაკვეთილად იქცეს.
უღრმესი მადლობა მასწავლებელსა და მოსწავლეებს ამ საუკეთესო გაკვეთილისთვის!